რუსი ოლიგარქების იახტების ნაწილი რუსეთისკენ მიემართება, ნაწილი კი უკვე გაუჩინარდა. ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალება ავრცელებს.
ამჯერად, უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 141 მეტრიანი სუპერ-იახტა მოხვდა, რომელიც $500 მილიონად არის შეფასებული და სანქცირებული რუსი მილიარდერის, ალექსეი მორდაშოვის საკუთრებაშია. აღნიშნულმა იახტამ სეიშელის კუნძულები 12 მარტს დატოვა და ამჟამად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაშია. როგორც დასავლური გამოცემები წერენ, უზარმაზარი იახტა შინ – ვლადივოსტოკის პორტისკენ მიემართება და სავარაუდოდ, დანიშნულების ადგილზე 29 მარტს იქნება.
აღსანიშნავია, რომ რუსული მეგა-იახტების მიმოფანტვას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან პოლიტიკურად დაკავშირებულ მდიდარ ადამიანებს იახტები, ძვირად ღირებული ბინები და კერძო თვითმფრინავები ჩამოართვან.
ცნობისთვის, ოლიგარქებთან დაკავშირებულმა ბევრმა იახტამ უკვე დატოვა ხმელთაშუა ზღვის პოპულარული ადგილები, ნაწილმა კი გათიშა სისტემა, რომელიც მათ გადაადგილებას აჩვენებდა.