შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.
ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.