რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.
მანამდე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა.
რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.