LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრში ახალი სპექტაკლის „ბუნკერი“ პრემიერა 22 და 23 მაისს გაიმართება

265
theatredram

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი საპრემიეროდ ემზადება. სამხატვრო ხელმძღვანელსა  და რეჟისორს, სოსო ნემსაძეს სპექტაკლის პირველწყაროსთვის  ამჯერად ქართული თუ უცხოური დრამატურგიისთვის არ მიუმართავს და ინსცენირება თავად მოამზადა.

სატირული ჟანრის  სპექტაკლი  –  ,,ბუნკერი“ 8 მონოლოგის პრინციპზე აგებული ისტორიებისგან შედგება, თვითირონიით გადმოცემული ამბები და  მწარე სიმართლე, რომლის დასაძლევადაც ერთადერთი გამოსავალი იუმორია.  რუსთავის თეატრის კიდევ ერთი პოსტპანდემიური წარმოდგენა მაყურებელს არსებული რელობიდან გამოსვლის საშუალებას არ მისცემს, რადგან პიესაში კოვიდ-რეგულაცია სრულად იქნება დაცული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პანდემიის პერიოდში რუსთავის თეატრი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ჯერ კიდევ აგვისტოში დასმა თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ პრემიერა ,,შექსპირბადე“ წარმოადგინა. უილიამ შექსპირის სხვადასხვა პიესის მიხედვით შექმნილი ოპუსები სახალისო წარმოდგენად იქცა და პანდემიის ნაცრისფერი დღეები მაყურებელს მაქსიმალურად გაუფერადა.

ოქტომბრის თვეში კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლა, სადაც ხუთმა დასმა და მათ შორის რუსთავის თეატრმაც მიიღო მონაწილეობა. 4 აპრილს, როდესაც უკვე სახელმწიფომ თეატრებს გახსნის უფლება მისცა, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, სოსო ნემსაძემ რუსთაველ მაყურებელს ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი“ წარუდგინა. სპექტაკლ-პერფორმანსი „ბუნკერი“ პანდემიის დროს დადგმული მეორე სპექტაკლი იქნება, რომელიც დასმა თითქმის 10 დღეში მოამზადა.  ივნისის თვეში კი რუსთავის თეატრი მაყურებელს უკვე ნაცნობი ნაწარმოების უცხო და საინტერესო ვერსიას შესთავაზებს. სოსო ნემსაძე ნოდარ დუმბაძის  ,,კუკარაჩას“ ამჯერად  მიუზიკლის სახით წარმოგვიდგენს.

სპექტაკლ ,,ბუნკერის“ პრემიერა 22 და 23 მაისს, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე 19.00 სთ-ზე გაიმართება.

პიესის ავტორი და რეჟისორი – სოსო ნემსაძე.

მუსიკალური გაფორმება – გიორგი მაისურაძე.

კოსტუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზი.

პლასტიკა- ლაშა რობაქიძე

ტექნიკური რეჟისორები: ლეილა ჯელაძე და ინა ხომასურიძე.

მონაწილეობენ: ვაკო კობერიძე, გვანცა კანდელაკი, ბაჩო ქაჯაია, თამარ კანდელაკი, ლუკა ციხისთავი, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, გიორგი ბუაძე, გიორგი ტოჩილაშვილი, ზაზა თაგოშვილი, ზვიად დოლიძე, თეონა ხვედელიძე, ზურა ფიროსმანიშვილი, მაია ჯავახიშვილი, მარიამ კვიტაიშვილი, რეზო კოღოშვილი, სოფო ჩხიტუნიძე, მერი ფხოველიშვილი, თეა შარვაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები