კომედიის რიგით მე-12 ფესტივალი 9 ნოემბერს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე რუმინელი რეჟისორის ანტონელა კორნიჩის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,ფრინველები“ პრემიერით გაიხსნა და 19 ნოემბერს თავისუფალი თეატრის წარმოდგენით დაიხურა.
10 დღის განმავლობაში, ღონისძიებამ 7 თეატრალურ დასს და კომედიური ჟანრის გამორჩეულ სპექტაკლებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოებაც.
გასულ წელს ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია დაფუძნდა, რომელიც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამოვლენილ არტისტს გადაეცა.
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ბრუნდება
თეატრალებით დაკომპლექტებულმა პროფესიონალმა ჟიურიმ წელს ეს ჯილდო ფინალური სპექტაკლის „მშვიდობით თემურ“ მონაწილეს, თავისუფალი თეატრის მსახიობს კახა მიქიაშვილს გადასცა.
„გამიხარდებოდა სხვასაც რომ აეღო ჯილდო, იმიტომ რომ ნომინაციაში რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო დასახელებული. ცხადია, ეს რეჟისორის და მთელი სპექტაკლის ჯილდოა და მადლობელი ვარ ვინც შემაფასა. მადლობა ყველას და ამ ფესტივალს ვუსურვებ დიდხანს არსებობა“,- განაცხადა კახა მიქიაშვილმა.
თეატრალური ფესტივალი რუსთავისთვის უკვე საყვარელ ტრადიციად იქცა. მაყურებელიც ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურია – ინტერესი დიდია, აღფრთოვანება თვალსაჩინო, ხოლო ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდება. ღონისძიება ქალაქს განსაკუთრებულ სულიერ და კულტურულ სიცოცხლეს სძენს, მაყურებელსა და მსახიობებს კი საოცარი ენერგიებით ავსებს.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: რუსთავის თეატრი, რუსთავის მერია და „ოჩოპინტრა“.
