დასავლეთის დახმარებით უკრაინამ რუსეთი რეალურად შეაჩერა, – ასე აფასებს „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, გიორგი ბადრიძე რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიას, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება.
როგორც გიორგი ბადრიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აღნიშნა, ომის ე.წ. მეორე ფაზაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი ღიად გაცხადებული გეგმების დიდი ნაწილის შესრულება.
„რუსეთმა იწვნია უზარმაზარი ზარალი როგორც სამხედრო ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის სახით. მან ვერ აიღო ვერცერთი დიდი ქალაქი, ხერსონის გარდა. “აზოვსტალი” ჯერ კიდევ აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას და ყველაზე მთავარი – ომის მიმდინარეობის ე.წ. მეორე ფაზაში, როდესაც რუსეთის მიერ გაცხადებულმა ახალმა გეგმამ – დონბასის მთლიანი ტერიტორიის დაკავება, სტრატეგიული მასშტაბით, წინ ვერ წაიწია.
უკრაინა წარმატებით იცავს თავს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი იქნა გაჩერებული და მის მიერ ამ ომში დახარჯული სამხედრო და ეკონომიკური რესურსი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის შიდა მდგრადობას. სულ მცირე, ამცირებს მის უნარს წარმატებული ომი აწარმოოს მომავალში“, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
მისი თქმით, იმ ფაქტმა, რომ უკრაინამ გმირული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს და პროფესიონალურად გამოიყენა დასავლეთის მიერ მიწოდებული თავდაცვითი შეიარაღება, დასავლეთის გამოფხიზლება გამოიწვია და დღეს, უკრაინა ბევრად უფრო კარგად შეიარაღებულია, ვიდრე იყო ომის დასაწყისში.
„რუსეთისთვის უსიამოვნო შოკი იყო ის ფაქტი, რომ ე.წ. „სპეცოპერაცია“, რომელსაც 2-3 დღეში აპირებდა, წარმატებით არ დასრულდა.
საოცარია, რომ იმავეს ელოდება ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი, მიუხედავად იმისა, რომ ვინც ვიცნობთ უკრაინას, ამას ვამბობდით დიდი ხნით ადრე, რომ რუსებს იქ მოუწევთ ხანგრძლივი, სისხლიანი ომი და არა „გასეირნება“ როგორც ისინი ელოდნენ.
რუსებს უბრალოდ არ ჰქონდა ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი იმის, რომ უკრაინის ხანგრძლივი და წარმატებული ოკუპაცია განეხორციელებინა თავდაპირველი წარმატების შემთხვევაშიც კი. უკრაინის ამ ვითარებამ გამოააშკარავა, რომ აგრესორები პირველ რიგში საკუთარი რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ძალიან ხშირად, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია მათივე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებთან იმის გათვლა, რომ ვინმე არ გავაღიზიანოთ და ეს შეცვლის აგრესორის ქცევას, თავიდანვე შეცდომა იყო“, – აღნიშნავს „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან დღემდე, არაერთი შეფასება მოვისმინეთ იმაზე, თუ რა ამოძრავებს პუტინს რეალურად.
გიორგი ბადრიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რეალობას მოწყვეტილია, თუმცა აქვე დასძენს, რომ პუტინის მიზანი იყო, რუსების ყურადღება მიეპყრო “სიდიადის აღდგენის” ანუ რუსული იმპერიის პროექტის განხორციელებისკენ და რუსეთის მოქალაქეების ყურადღება გადაეტანა ყოველდღიური სიდუხჭირის საკითხზე.
“მოვისმინეთ, რომ პუტინმა დააგროვა ყველაზე დიდი ქონება, რაც კი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მსოფლიოში.. რომ ცდილობდა თავის ჩაწერას ისტორიაში, როგორც რუსული მიწების გამაერთიანებელი.. რომ ის ერთგვარად რეალობას მოწყვეტილია.
ჩემი აზრით, პუტინის რეჟიმის, რომელიც უკვე 23 წელია ხელისუფლებაშია, მთავარი არგუმენტია, რომ მე ავაშენებ ძალაუფლების ვერტიკალს და თქვენ სამაგიეროდ, მიიღებთ უკეთეს ცხოვრებას.
აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში, პუტინის რეჟიმმა, რომელმაც წარმატებით გაიმდიდრა საკუთარი თავი, ყველა მმართველი აღმოჩნდა მილიარდერის სიაში, რუსეთი კი დატოვა სერიოზულ სიღატაკეში.
ვისაც მარტო მოსკოვი და პეტერბურგი უნახავს შეიძლება ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდეს, მაგრამ რეალური რიცხვებით, რუსეთი 2021 წელს იყო 82-ე ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილის მიხედვით. ეს არის ღარიბი ქვეყანა, რომელიც წესით, უნდა ყოფილიყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა თუ გავითვალისწინებთ, რომ ის აკონტროლებს მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების დაახლოებით 40%-ს, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის 3%-საც არ წარმოადგენს.
იმისათვის, რომ რუსებს არ უჩნდებოდეთ კითხვა – რატომ მართავენ მათ ღარიბ ქვეყანას მსოფლიოში მდიდარი ადამიანები, ასეთ რეჟიმს მუდმივად სჭირდება ყურადღების მიმართვა გარე საფრთხეებზე.
რუსული საზოგადოება ხალისით იჯერებს, რომ კი ბატონო ვერ აშენებენ გზებს, იპარავენ და ა.შ, მაგრამ თუ პუტინი არ იქნება დასავლეთი თავს დაგვესხმება. ჩემი აზრით, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის დამანგრეველი“, – განაცხადა „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ.