იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ „სააკაშვილს არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო ჩარევაზე“ და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე, „საზოგადოების მოტყუების ძალიან უბადრუკი მცდელობაა“.
როგორც „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ასრულებს ექიმების ყველა რეკომენდაციას.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა და უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, არის მტკნარი სიცრუე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, და შემდეგ – დანარჩენ საზოგადოებას.
ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე… ჩვენ ვიხილეთ დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას, ის ხელს აწერს სააკაშვილის მკვლელობას. ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე.
მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი ითქვა მკურნალობაზე – ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში”, – განაცხადა მინისტრმა.