როგორი იყო 2015 წელი საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით და რას უსურვებენ ეკონომიკის ექსპერტები ქართველ ხალხს მომდევნო წელს? ამის გასაგებად ”ფორტუნა” სოსო არჩვაძეს, რომან გოცირიძესა და ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა.
სტატისტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე 2015 წელს დადებითად აფასებს. როგორც არჩვაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდას ჰქონდა ადგილი. ”თუ გავითვალისწინებთ გარე და შიდა ფაქტორებს, რომელებსაც მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა ადგილი, 2015 წელი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. დაფიქსირდა მცირე, მაგრამ ეკონომიკური ზრდა. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენაირი ქვეყნებისთვის ეს საკმარისი არ არის ”, – განმარტა ეკონომიკის ექსპერტმა. მისივე თქმით, ის ქვეყნის მოსახლეობას 3 რამეს უსურვებს, : ეროვნული ვალუტის სიმყარეს, მაღალ შემოსავლებს და დასაქმების პრობლემის გადაჭრას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კი მიმდინარე წელს უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, 2015 წელი იყო ყველა ქართველის გაღარიბების წელი. რაც შეეხება საახალწლო სურვილებს, გოცირიძე ქართველ ხალხს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასა და უვიზო მიმოსვლას, ასევე ლარის სიმყარესა და ფასების სტაბილურობას უსურვებს. ”გარდა ამისა, ვისურვებდი, რომ 2016 წელს მთავრობის ყველა წევრმა გაიაროს ფულად-საკრედიტო და საფინანსო-საგადასახადო პოლიტიკის მოკლე კურსი საქართველოს რომელიმე კვალიფიციურ უნივერსიტეტში”,- განუცხადა ”ფორტუნას” სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, 2015 წელი იყო განხორციელებული რეფორმების წელი. ”სოფლის მეურნეობაში განხორციელდა ძალიან ბევრი რეფორმა, დაიწყო საპენსიო რეფორმები, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ვიზალიბერალიზაციის კუთხით… შესაბამისად, მიმდინარე წელი პოზიტიური იყო”, – აღნიშნა ჯგერენაიამ. ექსპერტი ქართველ ხალს 2016 წელს უსურვებს დასაქმებას, მაღალ შემოსავალსა და ეკონომიკურ აღმასვლას.