LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული მომიტინგეებით, ახალგაზრდებს თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი – მორგში ადგილი არ იყო, ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს“ – ირანელი ექიმი

258
ირანი

„ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით“, – ამის შესახებ საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს.

თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი.

მისი ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის დრო აღარ რჩებოდათ.

„ახალგაზრდებს თავში და გულში პირდაპირი დამიზნებით აქვთ ნასროლი. ბევრმა მათგანმა საავადმყოფომდეც კი ვერ მიაღწია და მანამდე გარდაიცვალა. რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მორგში საკმარისი ადგილი არ იყო,ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს. მორგის შევსების შემდეგ, ისინი ერთმანეთზე დააწყვეს სალოცავ ოთახში. „ბევრ მათგანს ვერ ვუყურებდი, ისინი 20-25 წლის იყვნენ“,- აღნიშნა მედიკოსმა.

BBC-ის სპარსული სამსახურის ინფორმაციით, პარასკევს ღამით ქალაქ რაშტის პურსინას საავადმყოფოში 70 ცხედარი მიასვენეს. იქაური მორგი სავსე იყო, ამიტომ ცხედრები იქ ვერ დატოვეს. საავადმყოფოს წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ნათესავებს 7 მილიარდი რიალი (7 000 აშშ დოლარი) სთხოვა იმისთვის, რომ ცხედრები დასაკრძალად გადაეცათ.

ცნობისათვის, ირანის დედაქალაქ თეირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და მომდევნო დღეებში ქვეყნის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულია ასობით მომიტინგე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g