24 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შორენა ესიაშვილი და ამავე ცენტრის ექიმი, რადიაციული ონკოლოგი ანა გოდელაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ქართველი ონკოპაციენტებისთვის მეტად საჭირო PET/CT ტომოგრაფსა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
– ქალბატონო შორენა, რას წარმოადგენს PET/CT-კომპიუტერული ტომოგრაფი, რა დანიშნულება აქვს და რა უპირატესობით სარგებლობს სხვა აპარატების ფონზე?
– ზოგადად, PET/CT ანუ პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – ბირთვული მედიცინის თანამედროვე და მართლაც უნიკალური აპარატია, თუმცა ამჯერად იმ ციფრულ PET/CT-ზე მინდა ვისაუბრო, რომლითაც ჩვენი კლინიკის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილი. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ციფრულ PET/CT – სრულიად ახალი სიტყვაა ბირთვულ მედიცინაში, რადგან წინა თაობის აპარატებისგან განსხვავებით მას ციფრული აღქმის სისტემა ანუ დეტექტორი აქვს, რაც გადაღების დროის და პაციენტისთვის განკუთვნილი იზოტოპის დოზის ნახევრამდე შემცირების საშუალებას იძლევა. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ 128-შრიანი აპარატი მინიმუმამდე – 7 წუთამდე ამცირებს სხეულის გადაღების დროს და უშეცდომოდ პოულობს უმცირეს წარმონაქმნებს, რაც თავის მხრივ ბევრად ამარტივებს დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოზირებას.
– ქალბატონო ანა, რატომაა პრიორიტეტული კვლევის ჩატარება სწორედ ამ აპარატით?
– საკმაოდ რთული პროცედურაა სხივური თერაპია, რომელიც ერთის მხრივ, მულტიპროფილური გუნდის მონაწილეობას, მეორეს მხრივ, დამატებითი კვლევის ჩატარებას მოითხოვს პაციენტისგან მკურნალობის მიღებამდე, PET/CT კი, მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს სიმსივნურ არეებს, რათა სწორედ მათ მოერგოს საერთო ველი ჯანსაღი ქსოვილების დაზიანების გარეშე. ამასთანავე, PET/CT ბევრად მოსახერხებელი აპარატია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის სხვადასხვა მანიპულაციის ჩასატარებლად.
– ქალბატონო შორენა, რამდენად უსაფრთხოა PET/CT-კვლევა?
– როგორც აღვნიშნე, ჩვენი ცენტრის PET/CT ციფრული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, აქვს 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც გამოსხივების დაბალი დოზით და საკმაოდ მოკლე დროში ახორციელებს პაციენტის მთელი სხეულის გადაღებას. ცალკეული ორგანოების ჩვეულებრივი ტომოგრაფით კვლევისას პაციენტი არა მხოლოდ გამოსხივების მეტ დოზას იღებს, არამედ ხარჯიც მეტი აქვს, ისეთი აგრესიული დაავადებების დროს კი, როგორიც მელანომაა, სრული კვლევის ჩატარება, რომელიც პირველად კერას, ლიმფურ კვანძებს აღმოაჩენს და დაავადების სტადიას განსაზღვრავს PET/CT-ს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
– აღჭურვილობის თვალსაზრისით რამდენად აკმაყოფილებს ქართული მედიცინა საერთაშორისო სტანდარტებს და შესაძლებელია თუ არა საქართველოში იმავე კვლევების ჩატარება, რაც მარტივი და ხელმისაწვდომია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში?
– თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მეტიც, PET/CT-ტომოგრაფი ცნობილი ჰოლანდიური ბრენდის Philips-ის ნაწარმია, საკმაოდ ძვირი ღირს და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მისი ფლობის ფუფუნება.
– ქალბატონო ანა, რა შესაძლებლობები აქვს PET/CT-ტექნოლოგიას პაციენტის სხივური თერაპიით მკურნალობისას?
– ჩვენი კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი ყოველთვის მაღალი ხარისხის მკურნალობას სთავაზობს პაციენტებს, რადგან განებივრებული ვართ თანამედროვე აპარატურითა და უახლესი აღჭურვილობით. ამასთანავე, ჩვენ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად განვიხილავთ ერთგვარ კონსილიუმზე მულტიდისციპლინარული გუნდის მონაწილეობით, რომელიც ადგილობრივ ექიმებთან ერთად და უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებსაც აერთიანებს. გვაქვს ყოველკვირეული დისკუსიები, როცა დეტალურად განვიხილავთ სხვადასხვა შემთხვევას, აქტიურად ვმართავთ კონფერენციებს ჩვენს კლინიკაში და ვმონაწილეობთ უცხოეთში გამართულ შეხვედრებში. მიხარია, რომ ცენტრი მხოლოდ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და უკვე შეგვიძლია დავიკვეხნოთ მიღწევებითა და წარმატებით. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს დაავადების სტადიას, რადგან მკურნალობა და რემისია ნებისმიერ, მათ შორის მეოთხე სტადიაზეც შესაძლებელია.
– ქალბატონო შორენა, როგორც ვიცი, მთელს რეგიონში მხოლოდ თქვენს ცენტრს აქვს PET/CT-ტომოგრაფი, რამდენად ხშირად უწევთ დახმარებას უცხოელ პაციენტებს?
– რა თქმა უნდა, უცხოელები ხშირად მოგვმართავენ. მეტიც, ჩემი პირველი პაციენტი, რომელთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა, უკრაინიდან იყო. მრავლად გვყავს პაციენტები შუა აზიიდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან, სწორედ ახლა მკურნალობენ ჩვენს კლინიკაში აფხაზი ქალბატონები, რომლებიც ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურებით. საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკას საკმარისი პოტენციალი აქვს გაუწიოს დახმარება ნებისმიერ პაციენტს, ვინც მოგვმართავს.
– რამდენად ხშირია პაციენტთა განკურნვის ან თუნდაც რემისიის შემთხვევები?
– საბედნიეროდ, კიბო დიდი ხანია აღარაა განაჩენი. მთავარი დაავადების აღმოჩენაა, რადგან თანამედროვე კვლევებისა და მკურნალობის მეთოდების წყალობით თითქმის ყველა ონკოდაავადების განკურნა თუ არა, შეჩერება მაინც შეიძლება. მიხარია, რომ მხოლოდ რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე, დავეხმარეთ უამრავ პაციენტს, რომლებიც დღეს თამამად აგრძელებენ სრულფასოვან ცხოვრებას.