საქართველოში საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა.
„ბლექ სი არენაში“ საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
„უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიდე-სთვის ახალი ეპოქა დადგება. ქართველმა ორგანიზატორებმა ამ მიზანთან მისაახლოებლად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს“, – ამის შესახებ ფიდე-ს პრეზიდენტის პირველმა მოადგილე გეორგიუს მაკროპულოსმა 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა.
„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გახსნის არაჩვეულებრივ ცერემონიას გილოცავთ! დარწმუნებული ვარ, საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ მივიღოთ.
ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელზეც ცნობილი ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები გამოვიდნენ.
ოლიმპიადის საშეჯიბრო ნაწილი დღეიდან დაიწყება. 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს.
ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესიც გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ.
ოლიმპიადის დასრულებისას, 5 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან, ხოლო კუ „ბათუსა“ საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმაა.
დამოუკიდებელი საქართველო ოთხი ოლიმპიადის გამარჯვებულია. ბათუმში კი მსოფლიო და ევროპული დონის ტურნირები უკვე 20 წელია იმართება.