LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაუჩინარდნენ თბილისის ცენტრალური პარკებიდან ძაღლები

167

ცხოველების უფლებადამცველები დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან ძაღლების მასობრივ გაქრობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მათ ქალაქის გარეუბნებში უშვებს. თიკო კვალიაშვილის ინფორმაციით, 31 მაისიდან დღემდე ცენტრალური უბნების პარკებიდან და სკვერებიდან თითქმის ყველა ძაღლი გაუჩინარდა, მათ შორის – ის ცხოველებიც, რომელზეც მოსახლეობა ზრუნავდა.

„დიდი ხანია გვაქვს პრეტენზიები მონიტორინგთან და მერიასთან, ისინი არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, არ უყვართ ცხოველები,“ – ამბობს კვალიაშვილი „ფორტუნასთან“.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა გარეუბანში, მათ შორის – დიდ დიღომშიც გამოჩნდნენ უპატრონო ძაღლები, რომლებიც ჯგუფებად დადიან და მანამდე ისინი დიდ დიღომში არ შეუნიშნავთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცხოველების უფლებადამცველი ორგანიზაციები და უბრალოდ, ცხოველთა მოყვარულები დღეს 18.30 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან იკრიბებიან, შემდეგ კი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან გადაინაცვლებენ და ცხოველების გაუჩინარებას გააპროტესტებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ფხალაძე კი ამბობს, რომ „ენას ძვალი არ აქვს“ და ყველას შეუძლია ერთმანეთს, ან რომელიმე ორგანიზაციას დააბრალონ ნებისმიერი რამ, ძაღლების გაუჩინარებაში კი მის მიერ დაქვემდებარებულ უწყებას არანაირი კავშირი არ აქვს.

ფხალაძის იფორმაციით, სპეციალური მობილური ჯგუფები რეაგირებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძახება დაფიქსირდება. მაგალითად – ვაკის პარკიდან, ან ვერის ბაღიდან (გამოძახების შემთხვევაში) მიჰყავთ ძაღლები თავშესაფარში, უტარებენ სტერილიზაციას, ვაქცინაციას და შემდეგ ისევ იმავე ადგილას აბრუნებენ.

რაც შეეხება სკვერებიდან ცხოველების გაუჩინარებას, ფხალაძე ამბობს, რომ ყველა ეკიპაჟს აქვს გაუჩინარებული ცხოველების სურათები და თუ შენიშნავენ, აუცილებლად დააბრუნებენ ადგილზე.

პოპულალურები