LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში „ფერომობილი“ გამოცადეს – ტრანსპორტი, რომელიც გზაზეც მოძრაობს და რკინიგზაზეც

108
ქირიას NEWS შაბლონი (4)

საფრანგეთში ახალი სატრანსპორტო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც მიტოვებული სარკინიგზო ხაზების ხელახალი გამოყენება და მცირე დასახლებების ეკოლოგიური ტრანსპორტით დაკავშირებაა.

„ფერომობილები“ სპეციალური ელექტრომობილებია, რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება როგორც ჩვეულებრივ საავტომობილო გზებზე, ისე რკინიგზის ლიანდაგებზე.

პროექტის მიხედვით, გზაზე ავტომობილს მძღოლი მართავს, ხოლო ლიანდაგზე გადასვლის შემდეგ კონტროლს ხელოვნური ინტელექტი იღებს.

საფრანგეთში ამჟამად დაახლოებით 6 000 კილომეტრი სარკინიგზო ხაზი აღარ გამოიყენება. მათი სრულფასოვანი აღდგენა თანამედროვე მატარებლებისთვის ეკონომიკურად არამოგებიანია, ამიტომ ხელისუფლება ალტერნატიულ გზას ეძებს.

პროექტი საინჟინრო კომპანია SICEF-მა შეიმუშავა. კომპანიამ სერიული ელექტრო მიკროავტობუსი Peugeot e-Traveller სპეციალური დასაკეცი სარკინიგზო ბორბლებით აღჭურვა.

ჩვეულებრივ გზაზე ეს ბორბლები აწეულია, ხოლო ლიანდაგზე გადასვლისას ავტომატურად ეშვება და მანქანა სარკინიგზო რეჟიმზე გადადის.

„ფერომობილი“ რვა მგზავრზეა გათვლილი და ორი რეჟიმით იმუშავებს:

  • წინასწარ განსაზღვრული განრიგით;
  • მოთხოვნის მიხედვით, სმარტფონის აპლიკაციიდან გამოძახების პრინციპით, ტაქსის მსგავსად.

პროექტის ავტორების განცხადებით, ინოვაციური ტრანსპორტი ხელს შეუწყობს პატარა სოფლების უკეთ დაკავშირებას, კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირებას და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის კლებას.