საფრანგეთში ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტმა აიკო ლერუმ შექმნა ინოვაციური, გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა სახელად „კაქტუსი“. ეს არის საკეტი, რომელიც გატეხის მცდელობის დროს საშინელ სუნს უშვებს, წერს Road.cc.
ასეთ ეფექტს იწვევს ორგანული ნაერთი პუტრესცინი, რომელსაც გვამის სუნსაც უწოდებენ. ეს ნივთიერება წარმოებაში გამოიყენება როგორც ნედლეული პოლიამიდების მისაღებად. პუტრესცინი ტოქსიკური არ არის და ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს, თუმცა მისი ყნოსვა გამომგონებელთა თქმით, შეუძლებელია.
სუნი ჰაერზე 1-2 საათის განმავლობაში ნარჩუნდება, ხოლო დახურულ შენობაში 4 საათამდეც კი, რაც ველოსიპედის მოპარვას ერთობ უსიამოვნო საქმიანობად აქცევს.
ამის შესახებ პოტენციურ კრიმინალებს საკეტზე დატენილი წარწერა „საშიშია“ აფრთხილებს და როგორც წესი, მსგავს მარკირებას საშიში ქიმიური პროდუქციისთვის იყენებენ.
„კაქტუსი“ ისეა დაპროექტებული, რომ მისი შემთხვევით ამუშავება გამორიცხულია. ინოვაციური მოწყობილობის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 180 ევროა. 2025 წლის ზაფხულიდან ის საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და ესპანეთში გაიყიდება.
საინტერესოა, რომ 2023 წლის ანგარიშით საფრანგეთში ველოსიპედის ქურდობის ფაქტები იმდენად გაიზარდა, რომ მოსახლეობის 30%-ს ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენების სურვილი საერთოდ გაუქრა.