LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ კიდევ უფრო მეგობრული გახდება

138

პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო  სექტორის  მაქსიმალურ  წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, წელს მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები შეიქმნა.

კონკრეტულად კი მისი თქმით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით.

პრემიერმა აღშნიშნა, რომ ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება.

“ჩვენ უკვე  განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს – ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების“ დაფინანსება და ა.შ.”, – გიორგი კვირიკაშვილი.

 

“სტარტაპ საქართველო”

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი „სტარტაპ საქართველო“ ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორია და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება.

„2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო“, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო. აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.

 

“აწარმოე საქართველოში”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაგრძელდება და გაფართოვდება ყველა ის პროგრამა, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს.

„ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების“ დაფინანსება და ა.შ. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები – პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები