LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედება შესაძლოა 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდოს

77

საგადასახადო კოდექსში  დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა პირველი ივლისის ნაცვლად, 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ივნისი საკმაოდ მოკლე ვადაა იმისთვის, რომ სრულად იქნეს გააზრებული, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ბიზნესზე და ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს აწონილ-დაწონილი.

ლალაზაშვილი იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიების შემოწმების აკრძალვა უბრალო ფორმალობა იქნება.

”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურს არ ექნება უფლება კომპანიის ანგარიშები დავის განმავლობაში დააყადაღოს, თუ სასამართლოს თანხმობა არ ექნება 48 საათის განმავლობაში. როდესაც სასამართლოსთვის ხდება ხოლმე მიმართვა, სასამართლო ვალდებულია მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანოს და ამ შემთხვევაში ბიზნესი გაცილებით უფრო დაცული იქნება, ვიდრე ეს შეიძლება პირდაპირ შემოსავლების სამსახურზე ყოფილიყო დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია”, – განმარტა ლალაზაშვილმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, კოდექსში ცვლილებების ძალაში შესვლისთვის საკმაოდ დიდი პერიოდია, იმისთვის რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.

”განვიხილავთ ბიზნესის წინადადებას, იმის შესახებ, რომ ადმინისტრირების ნაწილი წლის ბოლომდე გარკვეულწილად არ იყოს აგრესიული,”- აღნიშნა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g