LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია 5-6 ივლისის მოვლენებზე: შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის

136
fortuna.ge-9-2022-05-19_13-17-03_193563

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის —ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.

„მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი.

საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ცნობით, მათთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

2022 წლის 4 ნოემბერს საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულების სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივნები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

საია-ს ინფორმაციით, საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით, სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით.

ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან.

„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“. – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g