საქართველლოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას და მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერს, ანა დოლიძესა და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას უცხადებს.
საია ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც რესპონდენტი, ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი იყო და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე ამონტაჟებდა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი, საიას განცხადებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
“ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები არიან, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ, მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება მოხდეს. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა.
აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით მყისიერ რეაგირებას ახდენდეს და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით პირთა პირად ცხოვრება იცავდეს,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს – გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, გამოძიება დროულად დაიწყოს. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.