LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს ანგარიშის თანახმად, 7 საქმიდან, რომელიც ოჯახში ჩადენილ მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხებოდა, 6-ში მსხვერპლი ქალი იყო

44
ქალთა მიმართ ძალადობა - ფოტო ლოგოთი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. საიას ცნობით, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში პირველი ერთწლიანი ანგარიშია, რომელშიც შეფასებულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და ზუგდიდი, თელავის რაიონულ სასამართლოებში მიმდინარე სხდომებზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გავლენა.

ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, თვითიზოლაციამ, მოსახლეობის უმეტესად სახლებში ყოფნამ, დაძაბულმა ფსიქოლოგიურმა ფონმა, გავლენა მოახდინა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზეც და უამრავი ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდა.

„ისედაც ძალადობრივ გარემოში მყოფი ქალები და გოგონები არსებულ სიტუაციაში უფრო მეტად ექვემდებარებიან კონტროლსა და შეზღუდვას მოძალადეების მხრიდან. COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე, რის გამოც გლობალურად შეინიშნება ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენცია,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულების საქმეებიდან, რომელსაც საია-ს მონიტორი აკვირდებოდა, 7 საქმე ოჯახში ჩადენილ მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას უკავშირდებოდა.

საია-ს ანგარიშის მიხედვით, მოცემულ საქმეებში ისევე, როგორც ზოგადად, ოჯახური დანაშაულების საქმეებში, მსხვერპლებს მეტწილად ქალები წარმოადგენდნენ.

კერძოდ, 7 საქმიდან 6-ში მსხვერპლი ქალი იყო, ხოლო ერთ საქმეზე მონიტორისთვის უცნობი იყო დაზარალებულის სქესის შესახებ ინფორმაცია, რადგან სხდომაზე ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის მკვლელობას, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განქორწინების მიზნით მისულ ქალს ქმარმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ასევე დაფიქსირდა განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობა, როდესაც მამაკაცმა პარტნიორ ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა,“- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებებს ოჯახურ დანაშაულებზე, საია მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაესწრო პირველი წარდგენის 396 სხდომას, საიდანაც 102 (26%) შეეხებოდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებს. ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკულად ყველა მეოთხე აღკვეთის ღონისძიების სხდომა, რომელსაც საია-ს მონიტორები დაესწრნენ, ამ ტიპის დანაშაული იყო.

„პროკურატურა, როგორც წინა პერიოდებში, ამ ტიპის დანაშაულების მიმართ კვლავ მკაცრი მიდგომით გამოირჩევა და, ძირითადად, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით შედიოდა სასამართლოში.

102- დან 98 (96%) საქმეში პროკურორმა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო დანარჩენ 4 (4%) შემთხვევაში კი, გირაოს გამოყენება იშუამდგომლა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე მონიტორინგის შედეგების თანახმად, პროკურატურისგან განსხვავებით, სასამართლო ნაკლებად მკაცრ ღონისძიებებს იყენებს, თუმცა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული ერთეულით მომატებულია პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი.

სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა 102 საქმიდან 57-ში (56%), გირაო – 43-ში (42%) და ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა 2 (2%) შემთხვევაში.

„აქედან ერთ შემთხვევაში ბრალდებული ისედაც პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენება არ ასახავდა რეალობას, დაზარალებულს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რასაც ადასტურებდა ის, რომ მკურნალობას გადიოდა შესაბამის დაწესებულებაში.

ბრალდებულის პოზიციის მოსმენის შემდგომ, მოსამართლემ პროკურორს ჰკითხა, გამოკვლეული ჰქონდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობა. პროკურორმა აღნიშნა, რომ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია, რის შემდგომაც მოსამართლემ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა ამ ტიპის დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ დანაშაულის მსხვერპლთა უსაფრთხოების ინტერესების მხედველობაში მიღებითაც.

მიგვაჩნია, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან მის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი და წარმოადგენს შემდგომი სხდომების განხილვის საგანს.

ის ფაქტი, რომ დაზარალებულს, შესაძლოა, ჰქონოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არ გამორიცხავდა მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ალბათობას. მოსამართლემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებით გაზარდა დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – აღნიშნულია საია-ს ანგარიშში.

 

 

 

mazda magti 5g