LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიუხედავად, მრავალ ოჯახს უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება – ამასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები ვერ უზრუნველყოფს“

170
ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

სახალხო დამცველი მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

მისივე ცნობით, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავენ მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“,- აცხადებენ უწყებაში.

კახა კალაძე: „კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში – მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული“

მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

„სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g