„ქართველმა პოლიტიკოსებმა სრულად უნდა სცენ პატივი სახალხო დამცველის დამოუკიდებელ მანდატს“ – ამის შესახებ განცხადება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
როგორც დუნია მიატოვიჩი ამბობს, დეპუტატების მხრიდან ომბუდსმენზე საჯარო თავდასხმები მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისისა და მასთან დაკავშირებული ექსპერტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა უზრუნველყოს.
„მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება.
მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს.
ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა და ქმედებებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში,“ – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ და იმუშაონ ისეთ კლიმატში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია, რათა გამოიყენონ თავიანთი მანდატი დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, მინისტრთა კომიტეტის (2021) კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად.
ამასთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ განიხილავს.