LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

136
სახალხო დამცველი

2026 წლის 23 მარტს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

ომბუდსმენის მიერ წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს.

„არ დაგიმალავთ, იმ დღეს ბევრს უნდოდა ფოტოს გადაღება, ეს იყო პერფორმანსი, როგორც ფოტოს გადაღება და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება“ – პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

„ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა. პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად.

საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და კიდევ 7 პირი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g