LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო

107
ბავშვებზე ძალადობა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში, სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის, ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით სამუშაო პროცესს გაერიდებინათ.

“სააგენტოს მხრიდან, ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად ხორციელდება.

კოჯრის ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები.

მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან.“ – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “კურიერის” ეთერში გავიდა რეპორტაჟი, სადაც გაუპატიურების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები დახმარებას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

magti 5g