18 თებერვალს, ირლანდიურმა როკ ბენდმა – U2 მინი ალბომი – Days of Ash გამოუშვა. ექვს ტრეკიანი EP შეიცავს ხუთ ახალ, მათ შორის საპროტესტო სიმღერებს, რომლებიც ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებს, მინეაპოლისელი ქალის, რენე გუდის (American Obituary), ირანელი მოზარდი სარინა ესმაილზადეს (Song of the Future) და პალესტინელი აქტივისტის, ავდა ჰათალინის მკვლელობებს (One Life at a Time) ეხმიანება, ასევე ისრაელელი პოეტის, იეჰუდა ამიხაის ლექსს, რომელიც კომპოზიციის – Wildpeace მუსიკაზეა დატანილი.
,,ეს არის დაუმორჩილებლობისა და გაოგნების, გლოვის სიმღერები, რომლებიც შთაგონებულია თავისუფლებისთვის მებრძოლი მრავალი არაჩვეულებრივი და მამაცი ადამიანით“ – განაცხადა კოლექტივის ვოკალისტმა, ბონომ.
აღსანიშნავია, რომ Days of Ash გახლავთ ჯგუფის მიერ 2017 წელს გამოშვებული მეთოთხმეტე სტუდიური ალბომის, Songs of Experience შემდეგ ჩაწერილი ორიგინალური სიმღერების პირველი კრებული.
ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა ედ შირანმა და უკრაინელმა არტისტმა, ტარას ტოპილიამაც მიიღეს, რომელთაც ბენდთან ერთად სიმღერაზე – Yours Eternally იმუშავეს.
ცნობისთვის, მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში U2 მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას არაერთხელ გამოხმაურებია.