ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
რაც შეეხება თავად შემთხვევის ადგილს, კორპუსში, საიდანაც მამაკაცი ისროდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2016-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც. ამის სპეცოპარაციის დასრულების შემდეგ მედიასთან ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ყოფილმა სამხედრომ სროლა დაიწყო, სახლში იყო მისი შვილიც, რომელიც მოგვიანებით გამოიქცა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თავდამსხმელს სპეცრაზმმა დანებებისკენ მოუწოდა, თუმცა მან სროლა განაგრძო. მისივე ინფორმაციით, როდესაც პოლიციელებმა კარი შეაღეს, გასროლის ხმა გაიგონეს და საწოლზე დაინახეს კაცის ცხედარი, რომელსაც გვერდით იარაღი ედო და ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
რას ამბობენ ადგილობრივები
ადგილობრივების ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გახსნა, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
„თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
საგარეჯოში მომხდარის შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება კიდევ ერთი ადგილობრივი და ამბობს, რომ მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.
„ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?
მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. როგორც ამბობენ, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა, უმისამართოდ ისროდა.
„არაფერი მიზეზი არ იყო, ვინც მივიდოდა, 100 კაცი რომ მისულიყო, 100-ვეს დახოცავდა. საერთოდ არავისთან არც შედიოდა და არც გადიოდა. ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ცალკე ცხოვრობენ. მარტო ცხოვრობს. უმისამართოდ ისროდა“. – ამბობს ის „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
ადგილობრივების ინფორმაციით, საგარეჯოში სროლა, დაახლოებით, 00:10-00:15 წუთზე დაიწყო და თავდამსხმელი წინა და უკანა აივნებიდან 10-20 წუთის ინტერვალით ისროდა.
„სროლა რომ დაიწყო, 1-ის 10, 15 წუთი არც იქნებოდა. მაღლიდან ვუყურებდი, ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი. 4 დავინახე ადგილზე გარდაცვლილი.
მე-3 სართულიდან ისროდა. [ისროდა] წინა აივნიდან, მერე გადიოდა და უკანა მხრიდან ისროდა. მისი საკუთარი სახლია, ლამის მჭიდს ცლიდა და 10-20 წუთის ინტერვალით კიდევ აგრძელებდა სროლას. ნახევარი საათი კი არა, [სროლა] ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა, თითქმის ერთი საათი. ვერ გეტყვით, [პოლიცია რამდენ ხანში მოვიდა] მე სანამ ამ ამბავს ვუყურებდი, უკვე შემორტყმული ჰქონდათ ალყა. სახლშივე იყო, ბოლოს წინა მხრიდან 7 გასროლა იყო, სათითაო გასროლა ზედიზედ და შემდეგ ჩაწყნარდა, დაიწყო კიდევ სპეცრაზმმა მუშაობა“. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორია დაშავებულთა მდგომარეობა
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადმოყვანილი. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა განუცხადა, 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია უტარდება.
„კლინიკაში შემოიყვანეს 6 პაციენტი, საიდანაც ერთი გარდაიცვალა. 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1-ის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 3 პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ყველა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო 1 კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, თვალის ზედაპირული ტრავმის გამო“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.
მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN