LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკუთარი თავისთვის გადავწყვიტე ცხოვრება და ხატვა დავიწყე” – გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრი, ყოფილი ონკოპაციენტის ნინო მაღრაძის ისტორია გადაცემაში ,,პულსი”

57
დიანა-&-ნინო

25 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში დინა ქურდიანი და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ჯანმრთელი მომავლის ელჩი, გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრი, ყოფილი ონკოპაციენტი ნინო მაღრაძე სტუმრობდნენ, რომელთაც მეტად აქტუალურ თემაზე – ონკოდაავადებების სკრინინგზე ისაუბრეს.

– ქალბატონო დინა, რა არის სკრინინგი და რამდენად ეფექტურია პრევენციის ამგვარი ზომა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სიმსივნური დაავადებები 21-ე საუკუნეშიც სერიოზულ გამოწვევად რჩება. საბედნიეროდ, საქართველოში კიბოს შემთხვევების 50-30%-ის თავიდან აცილება სწორედ პრევენციული სტრატეგიის აღსრულებით ანუ სკრინინგული პროგრამებით ხორციელდება. 2020 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით  ონკოდაავადებებს შორის პირველ ადგილზე ძუძუს კიბოა, რასაც ფილტვის და მსხვილი ნაწლავის კიბო მოჰყვება. საქართველოში, ქალბატონებს შორის ყველაზე მაღალი ავადობის ლოკაციად – სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის კიბო, მამაკაცებში კი – ფილტვის, წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის და ხორხის კიბო ითვლება. დაავადების ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და მთელ ქვეყანას მოიცავს. დღეს სამი – ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგ-პროგრამა გვაქვს. ძუძუს სკრინინგი ანუ ძუძუს ხელით გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა სრულიად უფასოა 40-70 წლის ქალბატონებისთვის, ისე როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგია უფასო 25-60 წლის ქალბატონებისთვის, მსხვილი ნაწლავისა კი – 50-70 წლის პაციენტებისთვის.

– რა თქმა უნდა, უფასო პაციენტებისთვისაა, თორემ საკმაოდ ძვირადღირებულ კვლევას სახელმწიფო ანაზღაურებს,

– აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან მსგავსი კვლევა მართლაც ძალიან ძვირია.

– ქალბატონო ნინო, თქვენ უკვე დაძლიეთ მძიმე სენი. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინეთ დაავადება და მკურნალობის რა კურსი გაიარეთ?

– სკრინინგ-პროგრამაში 2010 წელს ჩავერთე და ყოველ წელს ვიტარებდი გამოკვლევას. დაავადება 2017 წელს გამოვლინდა, როცა სტანდარტული კვლევის შემდეგ, დამატებითი კვლევის – ექოსკოპიის გაკეთება მირჩიეს. საბედნიეროდ, დაავადება მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო. მართალია, ძალიან შევშინდი, მაგრამ ბიოფსიის გაკეთება შემომთავაზეს, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდი, მით უფრო, რომ საოცრად მზრუნველი ექიმები შემხვდნენ. პასუხი ორ კვირაში მივიღე, თუმცა სპეციალისტი მანამდე მოვიძიე, რათა დრო არ დამეკარგა. მკურნალობის კურსმა სხივური და ჰორმონოთერაპია გააერთიანა, დაავადების დაძლევის შემდეგ კი, მეგობრის წყალობით გამარჯვებულ ქალთა კლუბს შევუერთდი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მკურნალობის შემდეგ სარეაბილიტაციო პროგრამა, ჩვენი კლუბი კი, რომელიც თინიკო ბერუჩაშვილმა დააარსა,  სწორედ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს აერთიანებს, სადაც ყოველთვის შეიძლება ერთის მხრივ, პრობლემების, მეორეს მხრივ, გამოცდილების გაზიარება.

– ქალბატონო დინა, ქალბატონი ნინოს მაგალითი რომ განვიხილოთ, როგორ განვითარდებოდა დაავადება, რომ არა სკრინინგ-პროგრამა?

– ვფიქრობ, ქალბატონ ნინოს ძალიან გაუმართლა, რადგან სწორედ სკრინინგის წყალობით იქნა დაავადება დროულად აღმოჩენილი. საწყის სტადიაზე პაციენტს გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი აქვს, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობაც რთულდება და გამოჯანმრთელების შანსიც საგრძნობლად მცირდება.

– ქალბატონო ნინო, თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ ონკოპაციენტებთან და ბევრად უკეთ იცით, რამდენად ხშირად მიმართავენ ქალბატონები სკრინინგის პროგრამას?

– სამწუხაროდ, ქალბატონები ნაკლებად ითვალისწინებენ ექიმების რეკომენდაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან მსგავსი პროგრამის არსებობის შემთხვევაში მართლაც დიდი შეცდომაა მისი უგულებელყოფა.

– ქალბატონო დინა, განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მოქმედებს სკრინინგის პროგრამები. თქვენი მონაცემებით, რამდენად შედეგიანი პრევენციის ეს ფორმა?

– ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც სკრინინგი 1960-იან წლებში დამკვიდრდა და სწორედ დროული კვლევის წყალობით შემცირდა ონკოდაავადებებით სიკვდილიანობა.

– როგორი მონაცემებია საქართველოში?

– მართალია, სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, მაგრამ მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს პრევენციული კვლევის ამ მეთოდს.

– ქალბატონო ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, დაავადების დიაგნოზირების და მკურნალობის შემდეგ?

– რადიკალურად შეიცვალა. საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს, თუმცა შვილები უკვე დავაბინავე და ყველას თავისი საქმე აქვს. საკუთარი თავისთვის გადავწყვიტე ცხოვრება და ხატვა დავიწყე. როგორც ჩანს, კარგად გამომდის, რადგან საქართველოსთან ერთად საზღვარგარეთაც ხშირად იფინება ჩემი ნამუშევრები. ძალიან მინდა მივმართო მოსახლეობას, პირველ რიგში ქალბატონებს და სკრინინგის პროგრამაში ჩართვისკენ მოვუწოდო, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი მართლაც არაფერია.

– ქალბატონო დინა, რამდენად რეალურია საშვილოსნოს კიბოს აღმოფხვრა სკრინინგ-პროგრამისა და დაავადების დროული დიაგნოზირების შემთხვევაში?

– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საშვილოსნოს კიბო სრულად პრევენცირებადი დაავადებაა, რადგან არსებობს პირველადი და მეორადი პრევენცია. პირველადი პრევენცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას, მეორადი კი, PAP- ტესტსა და სკრინინგის პროგრამას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები