თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სახლში სადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მათ ბინაში წყლის გამაცხელებლის მილი მოხსნეს, რა დროსაცაღმოაჩინეს, რომ მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. გავრცელებული ცნობით, ეს შესაძლოა ჩიტის ბუდე იყოს.
გაზგაყვანილობის სპეციალისტების განცხადებით, ღიაკამერიანი გაზ გამათბობლის საკვამურში ჩიტი ბუდეს ხშირად იკეთებს, რადგან თავისუფლად ეტევა მასში. რაც შეეხება დახურულ კამერიან გამათბობლებს, მათ განსხვავებული საკვამურები აქვს, რომელში შეღწევასაც ჩიტი ვერ ახერხებს.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, სწორედ ღიაკამერიანი გამათბობელი იყო კუსტარულად დამონტაჟებული.
სამართალდამცველები პირად საუბრებში ერთ-ერთ ვერსიად მილში ნამწვის დაგროვებას ასახელებენ. მათი თქმით, შესაძლოა მილმა ნამწვი ვერ გაატარა და ის საცხოვრებელ სახლში დაგროვდა. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიად განიხილება და კითხვას, რამ გამოიწვია აირის დაგროვება და 7 ადამიანის გარდაცვალება, პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს.
შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. პოლიციის განყოფილებაში 4 საათზე მეტია, ბინის მეპატრონეს კითხავენ.ალექსანდრე მურადოვის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
დაკითხვაზე იმყოფება ასევე, უძრავი ქონების აგენტი, რომელიც აცხადებს, რომ ბინა ბოლოს დაახლოებით, სამი თვის წინ გაქირავდა და სახლში ყველა გაყვანილობა მწყობრში იყო. მისი თქმით, გაქირავების დროს წყლის გამაცხელებელი ჯერ კიდევ არ იყო ჩაჭრილი.
გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე უტარდებათ. პირველადი დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა.