სალომე კორკოტაშვილი, რომელმაც სასცენო ფსევდონიმად სალიო აირჩია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იქ დაქორწინდა და იქვე მუშაობს, სტუდიაში, ახალ ალბომზე. მას ახალი რეპერტუარი აქვს და ახლახან ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სიმღერაზე „Wayside“ გადაღებული კლიპი.
როგორც სალომე „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ამბობს, „ეს სიმღერა არის იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები დღევანდელ მსოფლიოში ხვდებიან. ვფიქრობ, რომ თუკი მცირედად მაინც ვაჩვენებთ კარგ დამოკიდებულებას, შეგვიძლია ადამიანების ცხოვრება შევცვალოთ და მათ თავადაც შეეძლებათ სხვების დახმარება“.
სინგლი, რომელიც 3 ივნისიდან გამოდის, სალომე კორკოტაშვილის ალბომის „დაკარგული სამყარო“ ნაწილია.
როგორც „ტელეგრაფის“ საიტი წერს, სალიო შავი ზღვის ჯაზფესტივალზე პროდიუსერმა ქუინთ დეივისმა აღმოაჩინა, რომელიც ნიუ ორლეანის ჯაზფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ. სალომეს პერფორმანსით მოიხიბლა და ის ნიუ ორლეანში დაპატიჟა, სადაც სალომე სცენაზე ჯაზისა და გოსპელის მომღერლებთან ერთად დადგა. მცირე ხნის შემდეგ, სალიო ნიუ იორკში „Blue Note“-ში გამოვიდა, სადაც დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.