სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც რესტორან „ბაბილოსთან“ 12 იანვარს განვითარებული მოვლენები შეაფასა.
მისივე თქმით, გუშინ სასამართლოს კლანმა შემოსაზღვრა, რამდენი ვართ დარჩენილი ისინი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი ვართ.
„ის მოსამართლეები რატომ მივიდნენ იცით „ბაბილოში“? თავის ფულს იცავენ, თავის სიმდიდრეს იცავენ. რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ და ისე შედიოდნენ რესტორანში. გუშინდელ დღეს კლანმა კიდევ ერთხელ დანაშაულზე ხელი მოაწერინა თავის ერთგულ ადამიანებს.
კლანმა გამოუცხადა თავის ერთგულ ადამიანებს, ვინც მოხვალთ ხართ ჩვენი ერთგული, ვინც არ მოხვალთ, დისტანცირდებით ჩვენგან. გუშინ 80 ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი არიან 350 მოსამართლიდან დარჩენილი კლანის ერთგული პირები. გუშინ სასამართლოს კლანმა შემოსაზღვრა, რამდენი ვართ დარჩენილი ისინი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი ვართ. ძალიან კარგი რომ უმცირესობაში არიან, უმრავლესობა მოსამართლეებისა არ მივიდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.