სამარცხვინოები: რა უნდა საქართველოს ევროპაში? ქვეყანა რამდენად იმსახურებს ევროპაში ყოფნას, ეს სხვა საქმეა და აქ გასარჩევი არ არის, მაგრამ საქართველოს ეგრედ წოდებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს არაფერი ესაქმება დიდ ფორუმებზე და ნაღდ გუნდებთან. ე.წ. ეროვნული იმიტომ, რომ რასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები აკეთებენ, ეს არც ფეხბურთია, არც განწყობა, არც თამაში, არც პროფესიონალიზმი, არც ეროვნულობა, არც ჰიმნი, არც ნაკრების მაისური და საერთოდ ეს არც არაფერია გარდა უთავმოყვარეობისა და სირცხვილისა.
ეს არის გუნდი, რომელიც იმსახურებს, რომ მათზე არაფერი დაწერო…
საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე ჯვაროსნები რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ვლადიმერ ვაისის ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 7 ივნისს ესპანეთში გამართავენ. ჩვენი გუნდი “ხეტაფეს” სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მე-2 წუთზე ლაშა დვალმა როინ კვასხვაძეს მშვიდად დაუგორა ბურთი, იქვე ახლოს მყოფი ადრაინ პოპა კი ვერ შენიშნა, რომელმაც დაასწრო საქართველოს ნაკრების მეკარეს და ანგარიში გახსნა.
ერთ წუთში უკვე მასპინძელთა იერიშის დროს ბურთი საკუთარ კარში კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ჩაჭრა – 2:0.
მე-18 წუთზე უჩა ლობჟანიძის უყურადღებობით ბოგდან სტანკუმ ისარგებლა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი საქართველოს ნაკრების ხარიხას მოხვდა. 21-ე წუთზე კი კვასხვაძის კარი ისევ ძელმა იხსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ ბავშვური შეცდომა დაუშვა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზმა და ანგარიში 3:0 გახდა – მესამე გოლი კვასხვაძეს 49-ე წუთზე მასთან პირისპირ გასულმა ნიკოლაე სტანჩუმ გაუტანა.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში ცვლილება მოხდა – გიორგი ნავალოვსკის ნაცვლად მოედანზე ჩეხური “ტეპლიცეს” 29 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე შევიდა. ცისკარიძემ ნაკრებში სადებიუტო მატჩში ჩართვიდან ზუსტად ხუთ წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა – მარცხენა ფრთიდან რუმინელთა საჯარიმოში ჩააწოდა, ლევან მჭედლიძემ კი დასწრებაზე მცველს აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა – 1:3.
ცისკარიძეს მალევე გოლის გატანის შანიც ჰქონდა, მაგრამ ვარდნაში მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.
მე-80 წუთზე, დაცვაში ქართველი ფეხბურთელების მორიგი გაუგებარი მოქმედების შემდეგ, კვასხვაძესთან პირისპირ ალეკსანდრუ კიპჩუ და გაბრიელ ტორჟე დარჩნენ. ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში აუღელვებლად შეაგორა და ანგარიში 4:1 გახადა.
საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე დაფიქსირდა – კვასხვაძის კარში ბურთი ამისულაშვილის ფეხიდან მეორედ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კლაუდიუ კეშერიუმ შორიდან ძლიერად დაარტყა…
მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა.სლოვაკი მთავარი მწვრთნელი გაოგნებული იყო:
“ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს წარმოუდგენელია, რომ პირველ ორ წუთში ორი გოლი გაუშვა. როგორია, ორი შეცდომა სტარტზე და თამაშს 0:2-ით იწყებ, ძალიან ძნელია…
სანაკრებო დონეზე მიუტევებელი შეცდომები დავუშვი. გვქონდა რაღაც შანსები, მაგრამ 1:5 დავმარცხდით და რუმინეთს უნდა მივულოცოთ ეს გამარჯვება.
რუმინელებს კარგი ნაკრები გყავთ და გისურვებთ წარმატებებს საფრანგეთში”, – თქვა ვაისმა.
რუმინეთი – საქართველო 5-1
ბუქარესტი, ეროვნული სტადიონი
რუმინეთი: ტატარაშანუ, რაცი (კ), მოტი, ჰობანი (64’ პრეპელიტა), პინტილი (84’ სანმარტეანი) , სტანჩიუ (83’ ალიბეკი), ანდონე (64’ კიპჩიუ), 19. სტანკუ (73’ ტორჟე), პოპა (71’ კეშერუ), გრიგორე, სეპუნარუ
მთ. მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (კ), აბურჯანია (65’ კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, დვალიშვილი (78’ ქვილითაია), ოქრიაშვილი, დვალი (34’ მჭედლიძე), ნავალოვსკი (64’ ცისკარიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: 51’ დვალიშვილი
გოლები: 1-0 პოპა (2), 2-0 ამისულაშვილი (ს.კ) (3), 3-0 სტანჩიუ (49), 3-1 მოტი (ს.კ) (68), 4-1 ტორჟე (80), 5-1 კეშერუ (89)
https://www.youtube.com/watch?time_continue=230&v=phFdDdAQUTo