„უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს არის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. თქვენ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც განხორციელდა, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი განცხადება შემოდის, უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჩვენ ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ სამართალდარღვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეგიძლიათ, ასევე, შეკავების ორდერების რაოდენობაც ნახოთ, მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.