LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება: წითელი ჯვარი

97
უგზო

დღეს 17:00-ზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„წითელი ჯვარი“ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტის გადმოსვენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ნეშტების ექსჰუმაცია აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე 2017-2019 წლებში, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა.

მათივე ცნობით, ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს.

„სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემის დღე ემთხვევა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხატის დღეს; 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს „ღვთისმშობლის სამი სიხარულის“ ხატის დღეს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მფარველად ითვლება. პატრიარქმა ეს ხატი 2014 წელს აკურთხა.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდება 9 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში, თბილისში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ყოველთვის, როცა ოჯახებს ვატყობინებთ მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ, ცხადია, ვფიქრობთ იმ 2 300-ზე მეტ ადამიანზეც, რომლებიც უკვე ათწლეულებია, რაც უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული“, – აღნიშნავს ICRC-ის დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებზე კავკასიაში, დანიელ მაკსვინი.

„მათი ოჯახებისათვის მნიშვნელოვანია მოძიებისა და ამოცნობის პროცესის, ასევე, ამ ოჯახების მხარდაჭერის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ყველა მხარის მეტი ჩართულობითა და კონკრეტული ინვესტირებით საჭირო შესაძლებლობების განვითარებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს 2022 წლიდან საკუთარ თავზე აიღონ ის ამოცანები, რომლებსაც ამჟამად საერთაშორისო წითელი ჯვარი ახორციელებს“,-აღნიშნავს ის.

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) სულ 598 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 219 (მათ შორის ეს რვა ნეშტი) ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები