LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქვეყანა მსოფლიოსთვის: აშშ-ს, კანადას და მექსიკას მუნდიალი ერთად სურთ

108

აშშ-მ, კანადამ და მექსიკამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს მუნდიალი გაფართოებული შემადგენლობით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 48 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, შესაბამისად ერთი ქვეყნისათვის ჩემპიონატის ორგანიზება რთული იქნება, ამიტომ ჩრდილოამერიკულ ქვეყნებს სურთ ერთად უმასპინძლონ მსოფლიო პირველობას. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნეს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე სულ 80 შეხვედრა გაიმართება. 48 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე და 32 პლეი-ოფში. პროექტის თანახმად, 60 მატჩს აშშ უმასპინძლებს, კანადასა და მექსიკაში კი 10-10 შეხვედრა გაიმართება.
აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნების მთავრობები ამ პროექტს სრულად უჭერენ მხარს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი იქნება პირველი, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაცვლად 48 მიიღებს.

ჩრდილოამერიკელთა გარდა, ტურნირის მასპინძლობა სურთ ინგლისს, ყაზახეთს და კოლუმბიას. თურქეთს და აზერბაიჯანს სურთ მუნდიალს ერთობლივად უმასპინძლონ. ანალოგიური სურვილი აქვთ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას. იმის შესახებ, თუ სად ჩატარდება ტურნირი, ცნობილი 2020 წლის მაისში გახდება.

უკანასკნელად ჩრდილო ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატი 1994 წელს ჩატარდა, როდესაც ტურნირს აშშ-მ უმასპინძლა. მექსიკაში მუნდიალი 1970 და 1986 წლებში გაიმართა, კანადას კი აქამდე უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობის პატივი არ ჰქონია.
აქამდე მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს გამართულა ერთდროულად სამ ქვეყანაში, თუმცა ორმა ქვეყანამ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ მუნდიალს 2002 წელს უმასპინძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g