კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
უწყების განცხადების თანახმად, ჭიათურის თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. როგორც სამინისტროში ამბობენ, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ.
„კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ.
კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ.
რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს.
შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“,- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდა ჭიათურის თეატრისა, რამდენიმე დღის წინ, სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა ასევე 3 თეატრში – საუბარია, ზესტაფონის, უშანგი ჩხაიძის სახელობის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობისა და ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებზე.
პაატა გულიაშვილი თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
