სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სოლიდარობის ქსელმა სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმე წარმატებით დაასრულა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, 23 დავაში 18 მოსარჩელის შემთხვევაში საქმის წარმოება უკვე დასრულდა.
“მთელ რიგ საქმეებში სასამართლოებმა მოსარჩელეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” როგორც სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა, ისე მათთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის 11 დეკემბერს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს”. ცვლილებების მიხედვით კი, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე:
“ნაცვლად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახალშექმნილ სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში” უკონკურსოდ გადაეყვანა, საჭიროების მიუხედავად, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამ პროცესებს წინ უძღოდა სოციალურ მუშაკთა მიერ ორგანიზებული გაფიცვაც და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სახით, ახალი პროფკავშირის დაარსებაც. სოციალურ მუშაკებს სამართლებრივ დახმარებას სამი ორგანიზაცია უწევდა: 8 სოციალური მუშაკის უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა, 7-ის სოლიდარობის ქსელი, 8-ის კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:
? სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში 5 შრომითი დავა მოიგო. აქედან ოთხ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სოციალური მუშაკების გათავისუფლების უკანონობის თაობაზე და სააგენტოს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
? სოლიდარობის ქსელმა თბილისის მასშტაბით სასამართლოში წარმოადგინა აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გათავისუფლებული 6 სოციალური მუშაკისა და 1 უფროსი სოციალური მუშაკის ინტერესები. ამ საქმეებიდან ერთმა სოციალურმა მუშაკმა, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე, თავისი სურვილით გაიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ვინაიდან დასაქმდა ახლად შექმნილ სააგენტოში. დანარჩენი ექვსი საქმიდან ყველა დასრულდა წარმატებით.
? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თელავისა და ქუთაისის სასამართლოებში წარმატებით დაასრულა 3 სოციალური მუშაკის საქმე. სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და მოპასუხეს დაავალეს, სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
“სოციალურმა მუშაკებმა სასამართლოს გზით დაამტკიცეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, რაც ამ სფეროში არსებული დეფიციტის ფონზე ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო და ნათლად წარმოაჩენდა სახელმწიფოს სოციალურ უპასუხისმგებლობას” – აღნიშნულია მიმართვაში.