LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამუშაო პროცესი პარალიზებულია” – 2 სერვის ცენტრში სოც. მუშაკებმა სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დაწერეს

socsaagento

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები დაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მუშაკები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, 4 სოციალური მუშაკის გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით არჩანაცვლებამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები იმყოფებიან გაუსაძლის ვითარებაში. ბოლო პერიოდში გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკის (მათგან 2 უფროსი სოციალური მუშაკის) დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ ფაქტობრივად სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.

დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად.

შესაბამისად გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაწერა პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

ვთვლით, რომ სისტემა იმყოფება უდიდესი კრიზისის წინაშე, რომელსაც დღემდე არ აღიარებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული უწყება არ ზრუნავს არა მხოლოდ თავის დასაქმებულზე სოციალურ მუშაკებზე არამედ ბენეფიციარებზეც, რომელთა ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება კადრების გადინება და სამუშაო პროცესის პარალიზება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ფორტუნა” დაუკავშირდა გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის ერთ-ერთ სოციალურ მუშაკს, ნინო ლეკიშვილს. მისი თქმით, მომართვიანობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ორი თვის განმავლობაში. მისი ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში, თითო სოციალურ მუშაკს თვეში, დაახლოებით, 100-110 შემთხვევაზე უწევდა რეაგირება. სოციალური მუშაკი განმარტავს, რომ დასახელებული რიცხვი მხოლოდ შემთხვევათა რაოდენობაა, ხოლო თითოეულ შემთხვევაზე, სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე ვიზიტის განხორციელება იყოს საჭირო.

ნინო ლეკიშვილი ამბობს, რომ სოციალური სააგენტო იძლეოდა პირობას, რომ კადრებს გაზრდიდა, თუმცა, ამ დრომდე სერვის-ცენტრებში გაზრილი მომართვიანობის ფონზე, კადრების დეფიციტის პრობლემა მწვავედ დგას.

“ფორტუნა” დაუკავშირდა სოციალურ სააგენტოსაც, სადაც ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სააგენტოს პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, სააგენტოში შექმნილ პრობლემებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დღეს შეხვედრას მართავს. დამატებით ინფორმაციას კი, დღის ბოლოს მოგვაწვდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g