LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო მეტრეველი დევისის თასზე არ ითამაშებს: რას პასუხობს ფედერაცია

19

 
ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი 4-6 მარტს თბილისში ჩასატარებელ „დევისის თასზე“ მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემს მონაწილეობას დევისის თასის მატჩში – საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს შორის.

როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლის ივლისში, ჩვენი ნაკრების (ნ.ბასილაშვილი, ა.მეტრეველი, გ.ცივაძე, გ.ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

4, 5, 6 მარტს თბილისში დაგეგმილი დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში: ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემს მონაწილეობას.

აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა, თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემს წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო იძულებული გავხდი იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და შესაბამისად, შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.

მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა მიახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა. ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე, ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა, 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე დღეის მდგომარეობით არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც ბუნებრივია არ მაძლევს საშუალებას ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.

ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასისის გათამაშებაში. შესაბამისად უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას“, – წერს ალექსანდრე მეტრეველი.

თავის მხრივ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია სანდრო მეტრეველს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ადასტურებს საქართველოს ნაკრები გუნდის წარმატებით ასპარეზობას დევისის თასის გათამაშების ეტაპზე და მადლობას უხდის ნაკრებ გუნდს დაუღალავი შრომისთვის.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცდილობდა კონკრეტული თანხის გამოყოფას ვაჟთა ნაკრები გუნდისთვის, 2015 წლის დევისის თასზე მიღებული კარგი შედეგისთვის. იყო კონსულტაციები, ფედერაციამ და სამინისტრომ ერთობლივად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გუნდს მაქსიმალურად მაღალი ჰონორარი მიეღო, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 20,000 ლარზე მეტის გადახდა არ მოხერხდა, რაც რასაკვირველია არ არის საკმარისი. ჩოგბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოთამაშეებს და შესაძლებლობის ფარგლებში აფინანსებს სპორტსმენების ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეჯიბრებებს.

რაც შეეხება 2016 წლის დაფინანსებას:

ჩოგბურთის ფედერაციის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 800 ათას ლარს, (ნაცვლად სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნული 1 მილიონი ლარისა), რომელიც წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს მამაკაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ინდივიდუალურ ტურნირებს, რამოდენიმე ასაკობრივ ნაკრებს: ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს; ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის 12,14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს; აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატისთვის 12,14 წლამდე ნაკრებ გუნდებს; ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩოგბურთელებს ინდივიდუალური ტურნირებისათვის.

დევისის თასის გათამაშებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ აღნიშნული 800 ათასი ლარიდან, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებ გუნდს გამოუყო 100, 000 ლარი. ნაკრები გუნდის სხვა სამი მონაწილე (ბასილაშვილი, ცივაძე და ჯავახიშვილი) მზად იყო 100,000 ლარი გამოეყენებინათ ინდივიდუალური ვარჯიშების და ტურნირებისათვის და მათი მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა.

ასევე გვინდა გაგაცნოთ სანდრო მეტრეველის დაფინანსების ზუსტი თანხა, რომელიც მასზე გაიცა ბოლო სამი წლის განმავლობაში:

2013 წელი – 9126.45 ლარი
2014 წელი – 10056.45 ლარი
2015 წელი – 13360.02 ლარი.

ჯამი – 32,542.92 ლარი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 32,542.92 ლარი არ არის საკმარისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩოგბურთელის ტურნირებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში სახელმწიფოს და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ 32,542.92 ლარი აღემატება სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნულ 19,000 ლარს. ფედერაციის ხარჯთაღრიცხვა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მობრძანდეს ფედერაციაში და მოითხოვოს ოფიციალური საბუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე მეტრეველმა დღეს „ფეისბუქის“ მეშვეობით გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ 4-6 მარტს თბილისში ჩასატარებელ „დევისის თასზე“ მონაწილეობას არ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები