რამდენად ქმედითია სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა – საკითხზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა და თქვა, რომ სანქციების კუთხით ყველაზე უარესი სცენარი, ეს ჯერ არ არის…
„სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა მართლაც მძიმეა, თუმცა, ჩემი აზრით, სრული პაკეტი სანქციების მაინც არ არის ამოქმედებული. საკმაოდ მძიმე სანქციებია იგივე ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა და ა.შ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ენერგომატარებლების ექსპორტის შეზღუდვას. გარდა ამისა, მართალია საკმაოდ ბევრ რუსულ ბანკს დაუწესდა სანქციები, მაგრამ ასევე საკმაოდ ბევრია უსანქციოდ დარჩენილი და ამიტომ, ანგარიშსწორება რუბლებში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნადარაიამ.
რაც შეეხება იმას, ემუქრება თუ არა რუსეთს დეფოლტი, თიბისის მთავარმა ეკონომისტმა თქვა, რომ „შეიძლება ითქვას, რომ დეფოლტი გარკვეულწილად უკვე არის. „თუმცა, ჩვენგან განსხვავებით რუსეთს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი. რეალურად, რუსეთში ნავთობ-დოლარები შედის და შემდეგ უკვე ქვეყნიდან გადის როგორც გზავნილების სახით, ასევე ტურიზმის სახით და ასევე ფინანსური ნაკადების სახით. ამიტომ, თუ ისე გამოვიდა, რომ მიუხედავად დიდი სანქციებისა, ქვეყანაში ისევ შევიდა ნავთობ-დოლარები და უბრალოდ, შეიზღუდა სხვადასხვა აქტივობა, ასეთ შემთხევაში, სანქციების კუთხით ყველაზე უარესი სცენარი, ეს ჯერ არ არის“, – განმარტა ოთარ ნადარაიამ.
მისივე თქმით, დაწესებული სანქციები, საბოლოო ჯამში, მაინც საკმაოდ მძიმე დარტყმაა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, ჩვენს ეკონომიკაზეც, ვინაიდან, რუსულ ბაზარზე საკმაოდ დამოკიდებულები ვართ. მათ შორის: მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქნება ლარის კურსზე, რომელსაც ასეთ პერიოდებში მკვეთრი მერყეობები ახასიათებს.