ამერიკელმა ექთნებმა სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირე თეთრი სახლის ეზოში გააპროტესტეს და დაღუპული კოლეგებიც გაიხსენეს.
ამერიკელი მედიკოსები თეთრი სახლის ეზოში შეიკრიბნენ და ის პირობები გააპროტესტეს, რაც მათ პანდემიასთან ბრძოლაში ხელს ძალიან უშლის.
დემონსტრანტები ლაფაიეტის მოედანზე მივიდნენ და 88 წყვილი ფეხსაცმელი მიიტანეს. თითოეული ფეხსაცმელი იმ ექთნის სიცოცხლეს განასახიერებდა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში, სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირის გამო დაიღუპა.
აქციაზე მისულმა მედიკოსებმა, დაღუპული კოლეგები გაიხსენეს და მათი სახელები წაიკითხეს.
„სულ იმას ამბობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანები ვართ ჩვენ, როგორი მადლიერები ხართ ჩვენი, თუმცა ფაქტობრივად მგლებთან შიშველი ხელებით გაგვიშვით. საომარ ველზე იარაღის გარეშე აღმოვჩნდით და ჩვენი პროტესტი ამ დრომდე უყურადღებოდ რჩება“ – განაცხადა ექთანთა ნაციონალური კავშირის პრეზიდენტმა ჯეინ როსმა.
ექთანთა ასოციაცია 155 ათასზე მეტ მედიკოსს აერთიანებს და მათი მიზანი ადმინისტრაციისგან თავის დასაცავი სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაა.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მუშაკებმა ტრამპს აქამდეც არაერთხელ მიმართეს და მისგან პასუხი ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს რომ ამჯერად თეთრ სახლში მისულიყვნენ და პრეზიდენტისთვის ყველაფერი პირდაპირ ეთქვათ.