საქართველოს საპენსიო ფონდის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა, რომლის ზომაც 39.1 მლნ ლარია, ყველაზე მაღალი ამონაგები – წინა თვესთან შედარებით 0.8%-იანი ზრდა აჩვენა, მაშინ, როცა დაბალანსებულმა (ზომა 37.7 მლნ ლარი) და კონსერვატიულმა (ზომა 6.6 მლრდ ლარი) პორტფელებმა თანაბარი – 0.7%-იანი თვიური ზრდა დააფიქსირეს.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა მათში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში – 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.
30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 79.2 მლნ ლარი გაიცა.