5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულის დავით კუტალაძის უფლებადამცველი, სერგი ხურციძე მისი პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მოთხოვნის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, კუტალაძე ძალადობრივ მოწოდებებს აქტიურად ავრცელებდა, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს, ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმეში არ დევს კადრები, სადაც კუტალაძის მიერ ძალადობისკენ მოწოდება ან ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა ჩანს.
„ზოგადად, მოწოდება იმდღევანდელი არსად კადრებში არ ჩანს. ჯგუფური ძალადობა აქვს წარდგენილი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ორგანიზატორებად ისინი შერაცხილები არ არიან. არანაირად არ გამოდის ორგანიზატორი დავით კუტალაძე, ამას არც არავინ არ ედავება მას.
სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პროკურატურამ ბრალდება სასამართლოში საკმაოდ უხვად წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია, თუმცა, არანაირი მტკიცებულებით ეს ბრალდებები გამყარებული არ არის. მსგავს კადრებს მე საქმეში არ ვიცნობ. სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი კადრები არ დევს, რომ დავით კუტალაძე ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებს,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ტვ „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დავით კუტალაძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა.