„ბელარუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე.
მინისტრის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ბელარუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით განხილულ იქნა დამატებითი პირდაპირი ავიარეისების შესაძლებლობა.
„საქართველოში, რომელიც ისედაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ბელარუსი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა” – აღნიშნა მინისტრმა.