ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების ზრდის ხელშეწყობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატში ჩამოყალიბდა და სამწლიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ახალმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ შეხვედრაზე ისაუბრეს.
როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მოსამზადებელი პირველი შეხვედრა თებერვლის ბოლოსაა დაგეგმილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში თანამშრომლობას და „აბრეშუმის გზის,” როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სახმელეთო მარშრუტის როლს. ამ მიზნით მხარეები შეიმუშავებენ სამწლიან სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.