„საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება, რაც ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია“- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ძიანგსის პროვინციის გუბერნატორთან შეხვედრისას გააკეთა.
ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დარგლებში PABSEC დელეგაციები, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, ჩინეთის ბიზნეს წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.
ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა ძიანგსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ მოუწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი ტექსტილის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი წიაღისეულის გადამუშავების სფეროებში გამოთქვეს.
საუბარი შეეხო საქართველო – ძიანგსის პროვინციას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი სარკინიგზო კორიდორის გამოყენების საკითხებს.
„საქართველო ინვესტიციების დაბანდებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ ინტერესს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის მიზნით“, – განაცხადა ლიუ ციმ.
„ჩინეთი უკვე სამი წელია ჩვენი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრების მქონე ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამო საქართველოში როგორც ევროპული, ასევე აზიური კომპანიები შემოდიან და საკუთარი წარმოების გადმოტანას სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ. საქართველო- ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ მხრივ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ძიანგსის გუბერნატორი და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამა წლის 28-29 ნოემბერს თბილისში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია. თავის მხრივ ძიანგსის გუბერნატორმა სქართველოს იმერეთის რეგიონისა და ძიანგსის პროვინციის დამეგობრების შესახებ ინიციატივა გამოთქვა.
