საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა რუმინეთი ანგარიშით 38:9 და ერთა თასის გამარჯვებული გახდა. ბორჯღალოსნებმა ასევე დაისაკუთრეს ანთიმოზ ივერიელის თასი.
ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენეს ევროპას, რომ 6 ერი გადასახედია, მინიმუმ დაფიქრებას საჭიროებს, რათა მართალია ტრადიციული, მაგრამ უკვე აშკარად მოძველებული კონსერვატიული მიდგომები არა მარტო ქართულ (ან თუნდაც რუმინულ) რაგბის, არამედ ზოგადად ევროპულ რაგბს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
საქართველო, სულ მცირე, თამაშს მაინც იმსახურებს იტალიასთან ან შოტლანდიასთან. თუ იმავე 6 ერს და ზებობოლებს არ ჩავთვლით, რამდენ ქალაქში მოიძებნება ისეთი ნაკრები, სტადიონი, გულშემატკივარი, ატმოსფერო, რომელიც „დინამო არენაზე“ სუფევდა. ზღვა მაყურებელი, დიდებული ბურთაობა, ემოციური ფონი – ნუთუ ეს ყველაფერი უყურადღებოდ უნდა დარჩეს.
საქართველო ევროპაა, რაგბიში მაინც.
ქრონოლოგიურად კი მატჩი ასე მიმდინარეობდა:
მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა – 7:0.
მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში – უხეში ბოჭვისთვის ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. 10 წუთით “ბორჯღალოსნები” კაცნაკლულნი ითამაშებენ.
მე-12 წუთზე ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო – 7:3.
მე-15 წუთზე საპასუხო საჯარიმო ზუსტად მოედნის ცენტრიდან “მეკომ” ვერ გაიტანა.
კაცნაკლულმა “ბორჯღალოსნებმა” მორიგი ლელო დადეს. მე-18 წუთზე ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. “მეკომ” ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.
30-ე წუთისთვის რუმინელებმა სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ შეძლეს – საჯარიმოთი მორიგი სამი ქულა თავის გუნდს კვლავ ვლაიკუმ მოუტანა.
36-ე წუთისთვის ვლაიკუმ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა – 12:9.
მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა ამ თამაშში მეორე ლელო დადო. მან ბოლო მომენტში მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა – 37-ე წუთისთვის ანგარიშია 19:9.
43-ე წუთზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეოთხე ლელო დაუდო რუმინელებს. “ბორჯღალოსნების” ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა. “მეკომ” კი გარდასახა – 26:9.
59-ე წუთზე “ბორჯღალოსნების” მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში კვლავ ფრუიძემ დაამიწა. გარდასახვა ლაშა ხმალაძემ ვერ გაიტანა – ანგარიშია 31:9.
63-ე წუთზე რუმინელები სულაც კაცნაკლულნი დარჩნენ…
72-ე წუთზე, მოდენაზე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.
მატჩის ბოლო წუთზე, შერკინების შემდეგ ლაშა ლომიძემ ბრწყინვალედ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა – 38:9!
ევროპის ერთა თასი. V ტური
საქართველო-რუმინეთი 38:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური
