საქართველოს აქვს შანსი, რომ 18 წელში ევროპული ცხოვრების დონეს მიაღწიოს. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, სახელწოდებით – „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“.
როგორც დოკუმენტში წერია, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 086 აშშ დოლარია. 2020-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი საშუალო ზრდა 5.8 პროცენტი იქნება. შესაბამისად, ამ ზრდის გათვალისწინებით, 18 წლის შემდეგ, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 965 დოლარს გადააჭარბებს. ამით კი საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სწორედ 18 წელიწადში მიაღწიოს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური განვითარების დღევანდელ დონეს.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ზრდის დაგეგმილი ტემპით ევროპულ დონეს სომხეთი – 23 წელიწადში, აზერბაიჯანი კი – 45 წელში მიაღწევს.
