LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

358
ჯანდაცვის სამინისტრო

მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ირაკლი სასანია წარმოადგენს.

აღნიშნული საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ირაკლი სასანიას განცხადებით, აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს, ამდენად, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად. ამჟამად ჟენევაში მიმდინარე ასამბლეაზე კი ნომინირებული კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

magti 5g