LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „კაბერნე სოვინიონის“ მეორე სამშობლოა

160
ღვინო

თუ მოვიძიებთ ინფორმაციას „კაბერნე სოვინიონის“ შესახებ, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ყურძნის უძველესი ფრანგული ჯიში, რომელმაც ყველაზე კარგად გაიხარა საფრანგეთში – ბორდოს მხარეში და  საქართველოში, კახეთში. ბორდო რომ მსოფლიო ღვინის ცენტრია, ეს მოგვეხსენება, შესაბამისად, ისტორიული გადაკვეთის არაერთ წერტილთან ერთად, კიდევ ერთი დეტალია „კაბერნე“, რომელიც ბორდოსა და ქართულ ღვინოებს ერთმანეთთან აკავშირებს.

XIX საუკუნეში, როდესაც საქართველოში ევროპული ღვინის დაყენების წესი პოპულარული გახდა, ამ პროცესების ათვისება არამხოლოდ ტექნოლოგიების ათვისების მხრივ ხდებოდა, არამედ უცხოური ჯიშების ჩამოტანითაც. უცნაური ის არის, რომ  ევროპული ჯიშის უმრავლესობამ ვერ გაიხარა, ქართულ მიწას და კლიმატს ვერ შეეთვისა და მათგან დამზადებულმა ვერცერთმა ღვინომ ვერ გაამართლა. სწორედ „კაბერნე“ – წითელი ფრანგული ვაზი, აღმოჩნდა ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც გაშენდა წინანდლის მიკროზონის სოფელ თელიანში. ის უკვე მეორე საუკუნეა გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინოს იძლევა და დღემდე გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ ღვინოებს შორის. ღვინოს „თელიანი“ ცნობადობაც საკმაოდ აქვს, ექსპორტიც, ხარისხიც და გამარჯვებებიც. „სამტრესტის“ არსებობის პერიოდში ეს ღვინო არაერთ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა: მოიპოვა 10 მედალი, მათ შორის, 4 ოქრო და 6 ვერცხლი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო „კაბერნე სოვინიონის“ მეორე სამშობლოა.

„თელიანი“ წითელი მშრალი ღვინოა. მუქი ლალისფერი შეფერილობის. აქვს უზადო, სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო. გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი და დავარგებისას განვითარებული ხილის ტონები. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არის არანაკლებ 11%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი არაუმეტეს 4 გ/ლ.

ეს ღვინო მზადდება მხოლოდ „კაბერნე სოვინიონის“ ჯიშისგან და სხვა ჯიშების შერევა დაუშვებელია. საღვინედ გამზადებული ყურძენი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე, კრეფის დროს მისი შაქრიანობის დონე არ უნდა დააკლდეს 19%-ს. თავად ყურძენი მოყვანილ უნდა იყოს მხოლოდ თელიანის მიკროზონაში, რომელიც მოიცავს მხოლოდ თელიანის საზღვრებს, მდინარე ალაზნის დინების შუა ნაწილში გაფენილ სავენახე მდელოებს.

„თელიანი“ ნამდვილად არის ექსკლუზიური ღვინო, რომელიც ამ ერთი ჯიშის არსებობით საზრდოობს. როგორც XIX საუკუნის დროინდელი მეღვინე ა. ეგოროვი ამბობდა, კახეთი – ეს არის წითელი ღვინოების ქვეყანა, ამ გამოთქმაში კი იგულისხმება თელიანიც, რომელიც რეალურად ერთადერთი მიკროზონა აღმოჩნდა, სადაც ევროპულმა ვაზმა გაიხარა და საუკეთესო ხარისხის ღვინო შემოგვთავაზა.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „თელიანი“ საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g