LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კვლავ მსოფლიოსთან ერთად ირბენს – მონაწილეთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

150

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 6 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ გაიმართება.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია გახდლათ.

წელს სპორტული ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ სრული მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდება.

კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტის მოადგილე შალვა გოგოლაძე დარეგისტრირდნენ.

 

წესები

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული  ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს-35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. მორბენლებს უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნებენ.

წელს მსოფლიო რბენა „ფინიშის მანქანით“ მხოლოდ 13 ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის, საქართველოში. ამ დროისთვის, Wings for Life World Run-ში მონაწილე ქვეყნების ზუსტი სია უცნობია, რადგან App Run-ით მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.

დარეგისტრირებული მონაწილეები ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებს მაისურებზე დაიმაგრებენ. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი სასმელი და ხილი დახვდებათ.

2017 წელს მსოფლიო რბენაში 6 კონტინენტის 58 ქვეყანის 110 ლოკაციდან  ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთო. მათ ჯამში 1431183 კილომეტრი დაფარეს. წელს Wings for Life World Run-ში ჩართვა უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტი ლოკაციიდან შეუძლია App Run-ის მეშვეობით. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, აპლიკაციის მეშვეობით თავად შეგიძლია დაგეგმო რბენა მარტო ან მეგობრებთან ერთად.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ 4 კვირიან კურსს.

 

მონაწილეების რეგისტრაცია  2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 3 მაისამდე ან ლიმიტის ამოწურვამდე, მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com.

ამ დროისთვის საქველმოქმედო მარათონში 5723 მონაწილეა დარეგისტრირებული.

საქართველოში მონაწილეობის ღირებულება  30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით  უზრუნველყოფს.

გამარჯვებულები

2017 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინო მიქაძე (29 კმ) და გიორგი შეკრელიძე (35,43კმ) გახდნენ. ნინო მიქაძემ 2018 წელს სირბილი ბრაზილიაში გადაწყვიტა, გიორგი შეკრელიძე სირბილს კი ისევ კახეთში აპირებს. გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 92,14 კმ დაფარა.    ქალი გამარჯვებული კი, დომინიკა სტელმახი გახდა (68,21კმ).

2018 წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული  სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული ჯოანა ზაკრუსკი (52,26კმ) და 2016 წლის კახეთის გამარჯვებული იანა ხმელევა (34,95კმ).

 

რამდენიმე ფაქტი 2017 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:

2017 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია 6 დღით ადრე შეწყდა.

ფინიშის მანქანის მძღოლი იყო ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე – საქართველოში ყველაზე სწრაფი მრბოლელი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან.

2017 წელს საქართველოში ირბინა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ  94 წლის შოთა სამუშიამ.

რბენის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

 ▶ 2017 წელს, კახეთში, მსოფლიო რნებაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე კომპანიის გუნდმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g