LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8.25%-მდე ამცირებს

114
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ამიერიდან ის 8.25%-ს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია. ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.